დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

რუსთავის თეატრს საკუთარი შრიფტი ექნება

55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავის თეატრს საკუთარი შრიფტი ექნება

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის იდენტიფიცირება, პერსონალურად მისთვის შექმნილი შრიფტითაც იქნება შესაძლებელი.

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის ცისფერ დარბაზში, სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის შექმნილი შრიფტისა და ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი შრიფტი, თეატრის 55-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, რუსთაველმა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ შექმნა. ინდივიდუალური შრიფტის ინსპირაციად კი რუსთავის თეატრის 40 წლის წინანდელი პოსტერი იქცა.

ღონისძიებას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, თეატრის დასის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანი, თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

მემორანდუმის ფარგლებში, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლებში, ღონისძიებებსა და პროექტებში, ასევე საგანმანათლებლო მიზნებისთვის აქტიურად გამოიყენონ თეატრის მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი.

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს თავის მხრივ მიეცემა საშუალება უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაატაროს ერთობლივი ღონისძიებები, გამოიყენოს უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსი, დეკორაციები, რეკვიზიტები.

მემორანდუმის ფარგლებში, კი პირველი ერთობლივი ნამუშევარი რეჟისორ სოსო ნემსაძის მიერ დადგმული სპექტაკლი ,,თეთრი ჟამი“ იქნება. სპექტაკლში მონაწილეობას რუსთავის თეატრის მსახიობები და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.

სპექტაკლის პრემიერას რუსთავის თეატრი აპრილში გეგმავს.

რუსთავის თეატრი, დაარსებიდან 55 წლის იუბილეს მთელი წლის განმავლობაში გაწერილი ღონისძიებებით აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!