5 რჩევა მათთვის, ვინც მედიტაციის დაწყებას აპირებს



მედიტაცია ცხოვრებისეულ პრობლემებს ვერ მოგიხსნით, მაგრამ ამ პრობლემების გაანალიზებასა და დამშვიდებაში აუცილებლად დაგეხმარებათ. კვლევით დადასტურდა, რომ ხანგრძლივი მედიტაცია ტვინის იმ ნაწილზე ახდენს ზეგავლენას, რომელიც ემოციებს განსაზღვრავს.. როგორ უნდა დაკავდეთ მედიტაციით ისე, რომ ის ეფექტური იყოს? – ამისთვის უნიკალური რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ჩვენი რჩევები შესაძლოა, დასაწყისისთვის გამოგადგეთ.

1.ზედმეტს ნუ იფიქრებთ. ინტერნეტში ხშირად შეხვდებით მზა ფორმულებს, რომლებშიც განსაზღვრულია სუნთქვის – ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რაოდენობა და მედიტაციის დრო. ნუ შექმნით სისტემას, ბევრს ნუ იფიქრებთ, აკეთეთ მაშინ, როდესაც გსიამოვნებთ, თუნდაც კომპიუტერთან მიმჯდარს შეგიძლიათ Zoom-ის კონფერენციებს შორის მცირე პაუზა გამოიყენოთ, თვალები დახუჭოთ და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქოთ.

2.იპოვეთ თქვენი სტილი. მედიტაციის გზები მრავალფეროვანია: სრულ სიჩუმეში მედიტირება, მედიტირება ბგერის (მანტრის) დახმარებით, ვიზუალიზაცია მედიტაციის დროს, სხვისი შთაგონებით მედიტაცია. არჩევანი მას შემდეგ გააკეთეთ, რაც თითოეულ მეთოდს გამოცდით.

3.შეარჩიეთ დრო. მედიტაციისთვის საუკეთესო დროა დილა, ანუ ის პერიოდი, სანამ გონება გარე სამყაროს ქაოსით დაბინძურდება. არ არის სასურველი მედიტირება ძილის წინ. ასევე მედიტაციამდე ცოტა ხნით ადრე კარგი იქნება, თუ გონებას არ დატვირთავთ სამსახურის საქმით, სოციალური ქსელებით და გონებრივი აქტივობებით.

4.მნიშვნელოვანია სისტემატურობა. თუ დაიწყებთ მედიტაციას, სჯობს იყოთ თანმიმდევრულები და ყოველივე რეგულარულად გააკეთოთ. აქციეთ ეს რუტინულ საქმედ. გარდა სულიერი სიმშვიდისა, რეგულარული მედიტაცია მოგიწესრიგებთ არტერიულ წნევას, შეამცირებს შფოთვის ხარისხს და დაგეხმარებათ, რომ ჯანსაღი ძილი გქონდეთ.

5.მიიღეთ საკუთარი აზრები. თავდაპირველად შესაძლოა, გაგიჭირდეთ, ან შეგეშინდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში შინაგან მესთან ჰარმონიას იპოვით და ყოველდღიურ სირთულეებს გაცილებით მარტივად გაართმევთ თავს. მედიტაციის საშუალებით შეძლებთ, რომ საკუთარი თავი მიიღოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ.