ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებას სწორ ნაბიჯად ვერ ჩავთვლი



ჩემი რჩევაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს, რადგან დასუსტებული ჯანმრთელობით ციხეში მყოფი სააკაშვილი მის პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ, სწორედ ამიტომ ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯებად ამ ეტაპზე მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას, რაც მას ვუთხარი კიდეც, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის ციხეში მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდეგ.

„იმედია, ამ რჩევას ის აუცილებლად გაითვალისწინებს, ვინაიდან ამით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იხეირებს.

მე პრეზიდენტ სააკაშვილის ნაცვლად ვერ აღვწერ მის მდგომარეობას. ის ამბობს, რომ მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, რომელიც უკავშირდება ნევროლოგიურ საკითხებს. როგორც ვიცი, მასთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა ექიმი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების კონტრაქტორია. მისივე განცხადების, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მას სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება", - აღნიშნა მშვენიერაძემ.