ნინო ლაცაბიძე: 2022 წლიდან რუსთავში სპორტის მიმართულებით დასაქმებულ თითოეულ ადამიანს ხელფასი გაეზრდება



რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, 2021 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე რუსთაველ მწვრთნელებს შეხვდა. მერმა მწვრთნელებს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა, სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცა.

მისი თქმით, 2022 წლიდან, სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სპორტული სექციების მწვრთნელების და იქ დასაქმებული ყველა თანამშრომლის ხელფასები გაიზრდება, ასევე გაორმაგდება წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების სტიპენდია.

„მნიშვნელოვანია, ის, რომ 2022 წლიდან რუსთავში მწვრთნელებსა და სპორტის მიმართულებით დასაქმებულ თითოეულ ადამიანს გაეზრდება ხელფასი, ასევე გაორმაგდება წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების სტიპენდია. იმისთვის, რომ სპორტი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ქალაქში და უფრო მეტ წარმატებებს მიაღწიონ ჩვენმა სპორტსმენებმა და მათმა მწვრთნელებმა, მერია 2022 წელს კიდევ უფრო აქტიური იქნება, როგორც არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ასევე ახალი სპორტული ობიექტების დამატებისა და ღონისძიებების გამართვის კუთხითაც“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, მერიის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ.

2021 წელს რუსთავს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების 6 პრიზიორი, საქართველოს 43 ჩემპიონი და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების 414 გამარჯვებული ჰყავს. მიმდინარე წელს, ქალაქში რამდენიმე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა და 105 ათასი ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი იქნა შეძენილი, აქტიურად მიმდინარეობს სპორტის სასახლის მშენებლობა, რაც რუსთავს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ტურნირებს სპორტის 14 სახეობაში უმასპინძლოს. 2022 წლისთვის იგეგმება ჭიდაობის დარბაზის სრული რეაბილიტაციაც.