რა არის ქალის მთავარი მოვალეობა? - ნახეთ რას ფიქრობენ საქართველოში



გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მომზადებული კვლევის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2020 წლით თარიღდება, აღნიშნულია, რომ საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 48%-ის აზრით, ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული კარიერა.

კვლევის მიხედვით, გენდერისა და მუშაობის შესახებ ტრადიციული აზროვნება კაცებში უფრო ღრმადაა ფესვგადგმული.

კაცები მეტად ემხრობიან აზრს, რომ ოჯახზე ზრუნვა, უმეტესად, კაცის მოვალეობაა. ამასთან, კაცები ნაკლებად მიიჩნევენ, რომ დასაქმება ქალისთვის დამოუკიდებლობის შეგრძნების საუკეთესო გზაა.

დასაქმებული ქალის როლის მიმართ დამოკიდებულება თაობებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. 2013 წელს, რესპონდენტების 72% (ქალების 66 და კაცების 80%) მიიჩნევდა, რომ ქალის პირდაპირი მოვალეობა სახლისა და ოჯახის მოვლაა და არა პროფესიული თუ კარიერული განვითარება. 2019 წელს, მათი რაოდენობა 48%-მდე შემცირდა. ამ მოცემულობას ეთანხმებოდა ან სრულიად ეთანხმებოდა ქალების 38 და კაცების 61%.

ახალგაზრდა ქალები, უმეტესად, არ იზიარებენ, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე და არა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაა.

18-24 წლის ქალების 83%-ზე მეტი არ ეთანხმება აზრს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. ასევე ფიქრობს 18-24 წლის კაცების 52%. თაობებს შორის განსხვავებული დამოკიდებულებების არსებობა ნათელი ხდება, როდესაც ამ მონაცემებს 55-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის პასუხებს ვადარებთ. ამ შემთხვევაში, აღნიშნულ აზრს დაეთანხმა ქალების 39 და კაცების 64% (რაც ნიშნავს, რომ არ დაეთანხმა ქალების 61 და კაცების 36%).

კვლევის ძირითადი მიგნებები:

ქალების 63% და კაცების 54% მიიჩნევს, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია გენდერულ თანასწორობას;

ქალებს მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ კარიერაში, ვიდრე კაცებს;

კაცების ¾ ამბობს, რომ მათთვის მისაღები იქნებოდა, მათი უფროსი ქალი რომ ყოფილიყო;

გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყანას სიკეთეს მოუტანს;

გამოკითხულთა 39% თვლის, რომ კაცები ქალებზე უკეთესი ბიზნეს ლიდერები არიან.