„ვარდების რევოლუციიდან“ 18 წელი გავიდა



„ვარდების რევოლუცია“ — 2003 წლის ნოემბერში საქართველოში მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია, რასაც მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება.

2003 წლისთვის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება მნიშვნელოვანად შესუსტებული იყო. საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, მმართველმა პარტიამ, რომელმაც მოიგო საპარლამენტო არჩევნები 1999 წელს, უკვე 2000 წლიდან დაიწყო დაშლა. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „მოქალაქეთა კავშირი“ დამარცხდა. თბილისში არჩევნები მოიგეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო საქართველოს დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში — „მემარჯვენეებმა“. სამივე ოპოზიციური პარტია აცხადებდა პრეტენზიას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა სახელით „სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ბლოკი შექმნა ზურაბ ჟვანიამ. მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“ დამარცხდა თვითმმართველობის არჩევნებში 2002 წელს, 2003 წლის დასაწყისიდან მან მოახერხა ანგარიშგასაწევი ბლოკის ჩამოყალიბება. ჟვანიასთან გაერთიანდნენ „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“ აკაკი ასათიანის მეთაურობით და იმ დროისთვის პოპულარული პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელწოდებით „ბურჯანაძე — დემოკრატები“.

2003 წლის დასაწყისიდან „მოქალაქეთა კავშირი“ შეეცადა საკუთარი პოზიციების გაძლიერებას და ჩამოაყალიბა ალიანსი „ახალი საქართველოსთვის“, რომელსაც შეუერთდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს სოციალისტური პარტია. არჩევნებში ასევე მონაწილეობდა „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“, რომელიც მმართველ ძალას წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ტრადიციულად ბევრ ხმას იღებდა ამ რეგიონში.

არჩევნების მნიშვნელობას ზრდიდა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 2005 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო და რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა ედუარდ შევარდნაძე. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი იქმნიდა მნიშვნელოვან პლაცდარმს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში. 2003 წლისთვის პრეზიდენტობის სურვილი დაფიქსირებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და შალვა ნათელაშვილს.

ვარდების რევოლუციამ საქართველოში შეცვალა შევარდნაძისა და მისი გუნდის 11 წლიანი მმართველობა. მან არნახულად დიდი პოპულარობა მოუტანა მიხეილ სააკაშვილს და აქცია ის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების ფაქტობრივად უალტერნატივო ლიდერად.

ვარდების რევოლუციამ მნიშვნელოვნად შეარყია ასლან აბაშიძის მმართველობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აბაშიძემ ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე შეძლო.

ვარდების რევოლუციამ გაზარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასევე ბურჯანაძისა და ჟვანიას ბლოკის პოპულარობა. რევოლუციის შემდეგ მკვეთრად დაეცა სხვა პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა და ახალი მემარჯვენეების რეიტინგი. მათ რევოლუციის შემდეგ წევრთა 15-17%-იანი კლება განიცადეს.

ვარდების რევოლუციამ გავლენა მოახდინა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებზე. მას მოჰყვა ნარინჯისფერი რევოლუცია 2004 წელს უკრაინაში და ტიტების რევოლუცია 2005 წელს ყირგიზეთში.