USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტები მიმდინარე კვლევებს გაეცნენ



USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტები მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. ლაბორატორიაში სტუმრობის ფარგლებში, სტუდენტები სურსათის კვლევის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისა და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში სამუშაო პროცესს გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სტუდენტებმა მიმდინარე კვლევების შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ მეორე სტუდენტურ კონფერენციაში „საქართველოში ინვაზიური მავნებლების მონიტორინგი და მართვის თანამედროვე მიდგომები“ მონაწილეობას 5 ქართული უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სტუდენტთა ჯგუფი და აკადემიური პერსონალი იღებს. ღონისძიების მხარდამჭერი სურსათის ერონვული სააგენტოა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რითაც პროფესიული განათლების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ლაბორატორიაში, პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოებისათვის, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს; სრულად ხდება პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვა.