ქვემო ქართლში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ინფო-ტური მოეწყო



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისათვის ინფო-ტურებს აგრძელებს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად შეარჩია ქვემო ქართლის რეგიონი შეარჩია. ინფო-ტურში კერძო სექტორის 20 წარმომადგენელი მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa” - საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის, „GTA“ - საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკო-ტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.

2-დღიანი ტურის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლები ქვემო ქართლში სოფელ ფარცხისსა და ელიზაბეტთადს ეწვივნენ, მოინახულეს გერმანული უბანი, დაათვალიერეს საოჯახო მარნები, მონაწილეობა მიიღეს 3-საათიან საცხენოსნო ტურში. ასევე ეწვივნენ სოფელ ტბისს, სამშვილდეს ნაქალაქარსა და კანიონს. ტურის ფარგლებში მოინახულეს ბოლნისი, სოფელი ქვეში, ბოლნისის მუზეუმი, ღვინის მუზეუმი, ასევე ელიას სამონასტრო კომპლექსი და ფიტარეთის მონასტერი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს ჰქონდეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნაკლებად ცნობილი ადგილები და ობიექტები დაათვალიერონ. ინფო-ტურის შემდეგ, მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი და უცხოელი მოგზაურებისთვის ტურისტული პაკეტები მომზადდება.