რუსთავში, #4 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა



საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რუსთავში, #4 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა.

რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრის გახსნის ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდეტი ნათია ლოლაძე, რუსთავის მერის მოადგილე დავით იშხნელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქავთარაძე, ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი დაესწრნენ.

,,რუსთავში ,,წითელი ჯვრის“ დიდი მხარდაჭერით გაიხსნა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რაც კიდევ ერთი შანსია იმისთვის, რომ როგორღაც გავააქტიუროთ მოსახლეობაში იმუნიზაციის პროცესი. ინფიცირების დღევანდელი სტატისტიკა შემაშფოთებელია, ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემია არსად წასულა. ჩვენ თუ არ ავიცერით, არ ჩავერთეთ და არ მოვუწოდეთ ყველას ვაქცინაციისკენ, წლები ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერის მოადგილის დავით იშხნელის განცახდებით, დღეს ქალაქში კოვიდსაწინაღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია სამ მოძრავ ამცრელ ცენტრში, ასევე ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში და დღეიდან, უკვე ,,წითელი ჯვრის“ დახმარებით გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში.

,,ვაქცინაციის ცენტრში, რომელიც დღეს გაიხსნა, დაცული და საერთაშორისო სტანდარტზე დაფუძნებულია ყველა პროცედურა. აქ აცრა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე, ხდება ექიმის მიერ შემოწმება, აცრის შემდეგ დაყოვნება, ადგილზე ასევე მობილიზებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური. მოვუწოდებ მოსახლეობას აიცრან და ამით გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე ოჯახის წევრებს“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე დავით იშხნელმა.

მასობრივი იმუნიზაციის რუსთავის ცენტრი რიგით მეორეა, რომელიც ,,წითელი ჯვრის“ ხელშეწყობით გაიხსნა, მსგავსი ცენტრი უკვე ფუნქციონირებს მცხეთაში.

,,საქართველოს წითელი ჯვარი, მოგეხსენებათ, რომ პირველივე დღიდან ჩართულია კოვიდზე რეაგირეგაში. დღეს ჩვენ რუსთავში გავხსენით მსაობრივი იმუნიზაციის ცენტრი, აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და რეგისტრაციის გარეშე აიცრას. მსგავსი ცენტრი ჩვენ უკვე გახსენით მცხეთაში და ეს არის მეორე ცენტრი. ამის გაკეთება ჩვენ შევძელით ,,წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის“ მხარდაჭერით“, - განაცხადა ნატია ლოლაძემ.
რუსთავის ცენტრში, უსაფრთხო იმუნიზაციისათვის ყველა პირობაა შექმნილი, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით, ამასთან, გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები.

ამასთან, "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" აქტიურად არის ჩართული მასობრივი ვაქცინაციის წარმატებით, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებაში, რისი ნათელი მაგალითიცაა მცხეთის და მუხრანის იმუნიზაციის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირება. "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩართულია მოსახლეობის დასახმარებლად და მხარდასაჭერად. ასევე, ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის დაწყებიდან, დღემდე სხვადასხვა მიმართულებით ერთვება ვაქცინაციაში, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო მასალების გავრცელებასა და კლინიკებში ვაქცინაციის მსურველთა რიგების მართვაში.